პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩებმა“ დისტანციური შეხვედრები გამართეს
2021-01-24 16:24:23საინფორმაციო შეხვედრებზე ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩები” დაინტერესებულ პირებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებაზე; სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ინტერნეტსივრცეში, ვიდეოთვალთვალის განხორციელების დროს და შრომითი ურთიერთობების ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობაზე; ადამიანის უფლებებზე მონაცემთა არაკანონიერი მოპოვების, გამოყენების, გავრცელების ან/და სხვაგვარი დამუშავების გავლენის შესახებ ესაუბრნენ.
საინფორმაციო შეხვედრები დაინტერესებულ აუდიტორიასთან თბილისში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამცხე-ჯავახეთში ჩატარდა, რომლებსაც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩები” - ზეინაბ შავაძე, დონარი ლონდარიძე, ნინო მაჭარაშვილი და ნინო ჯავახიშვილი უძღვებოდნენ. შეხვედრებს 100-მდე პირი დაესწრო.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების გაზრდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა განსაკუთრებით აქტუალურია რეგიონებში. სწორედ ამ მიზნით, 2020 წელს სამსახურმა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩების“ პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებში სამსახურის მიერ, კონკურსის საფუძველზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან 20-მდე სტუდენტი შეირჩა. სტუდენტები, პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა აქტივობებს აორგანიზებენ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ხორციელდება და მათი მიზანი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.