პერსონალურ მონაცემთა დაცვის კვირეული სტუდენტური ონლაინ კონფერენციით გაიხსნა
2021-01-22 18:08:00
ღონისძიება სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეებმა სოფიო ჯიაძემ და სალომე ბახსოლიანმა, ასევე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ანა ფირცხალაშვილმა გახსნეს. გამომსვლელებმა პერსონალური მონაცემების დაცვისა და ამ მიმართულებით ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე, ასევე, ამ პროცესში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და უნივერსიტეტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ონლაინ კონფერენციაზე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა შემდეგ აქტუალურ საკითხებზე ნაშრომები და მათი ხედვა წარმოადგინეს: დისტანციური სწავლების დროს სტუდენტების პერსონალური მონაცემების დაცვა, დისტანციური სწავლების დროს სკოლის მოსწავლეების პერსონალური მონაცემების დაცვა, COVID-19 პანდემიის პირობებში ჯანმრთელობის შესახებ პერსონალურ მონაცემების დაცვა, COVID-19 პანდემიის პირობებში ონლაინ მომსახურებისას პერსონალური მონაცემების დაცვა, COVID-19 პანდემიის გავლენა მონაცემთა უსაფრთხოებაზე და არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების ინტერნეტში გაზიარების საფრთხეები.
კონფერენცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს მიერ 2020 წლის 11 დეკემბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე გამოცხადებული ესეების კონკურსის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოში მოქმედ ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს შეეძლო.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ხორციელდება და მათი მიზანი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სტუდენტების განვითარების ხელშეწყობაა.
