სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატივით საჯარო სექტორის სასწავლო დაწესებულებებთან შეხვედრა გაიმართა

2020-12-29 11:16:36
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით საჯარო სექტორის 20-ზე მეტ სასწავლო დაწესებულებასთან და პროფესიული განვითარების ცენტრთან, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიების მიზანს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხების სწავლების მიმართულებით არსებული მდგომარეობის გაცნობა, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და კოორდინაციის გაზრდა წარმოადგენდა.

სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეები სალომე ბახსოლიანი, სოფიო ჯიაძე და სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში ყველა მონაწილე მხარის მიერ კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული საჯარო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის ამაღლების მნიშვნელობა.

აღსანიშნავია, რომ გამართულ შეხვედრას წინ უძღვოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული ანალიზი, რომლითაც  გამოიკვეთა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით ძალისხმევის გაძლიერებაა საჭირო.

არსებულ გამოწვევებზე და საჭიროებებზე საპასუხოდ, შეხვედრის მონაწილეები პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე სპეციალური  მოსამზადებელი კურსების დანერგვის, არსებული სასწავლო პროგრამების განახლების, საჯარო მოხელეთა განგრძობადი გადამზადების, ტრენერთა რესურსის გაძლიერებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მიმართულებებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ საჯარო უწყებებთან ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მუშაობა 2021 წლიდან აქტიურად გაგრძელდება.