სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე საქპატენტის თანამშრომლებს ტრეინინგი ჩაუტარა
2020-12-25 15:08:35ტრენინგი შეეხებოდა როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ კანონმდებლობას, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრაქტიკას. მონაწილეები გაეცნენ პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციების ვალდებულებებს,
მონაცემთა სუბიექტის უფლებებს, მონაცემთა დაცვის უსაფრთხოების საკითხებს. დღის წესრიგში არსებულ საკითხებს შორის, განხილული იყო საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ურთიერთმიმართების თემა.ტრენინგი საქპატენტის მომართვის საფუძველზე განხორციელდა და მას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები - სოფიო შამუგია, სალომე ქურასბედიანი და ნინო ქათამაძე უძღვებოდნენ.
საჯარო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობა, ასევე ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნა საჯარო მოხელეებს ყოველდღიურ საქმიანობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფასა და დარღვევების პრევენციაში დაეხმარებათ.