სახელმწიფო ინსპექტორი პროექტის ,,ადამიანის უფლებები ყველასთვის“ მეორე ფაზის გახსნას დაესწრო
2020-12-09 15:26:02
სახელმწიფო ინსპექტორი პროექტის ,,ადამიანის უფლებები ყველასთვის“ მეორე ფაზის გახსნას დაესწრო
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით, პროექტის ,,ადამიანის უფლებები ყველასთვის“ გახსნით ღონისძიებაში ჩაერთო. ღონისძიების გახსნით ნაწილში, ასევე მონაწილეობდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის უფროსი მრჩეველი სამხრეთ კავკასიაში ვლადიმირ შკოლნიკოვი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში - ლელა აქიაშვილი.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივ პროექტთან რამდენიმე წლიანი, წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს. პროექტის ,,ადამიანის უფლებები ყველასთვის“ პირველი ფაზის ფარგლებში მნიშვნელოვანი ღონისძიებები იქნა გატარებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების, ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ხარისხის ამაღლების, ახალი საგამოძიებო მიმართულების ამოქმედების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. მიღწეული შედეგების მიუხედავად, სამსახურის წინაშე კვლავ რჩება გამოწვევები, რომელთა დაძლევის პროცესში სამსახური საერთაშორისო ორგანიზაციების უწყვეტ და აქტიურ მხარდაჭერას საჭიროებს. პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში უწყების შესაძლებლობების და დამოუკიდებლობის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდება, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ხარისხის ამაღლების, წამებასა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებთან ბრძოლისა და ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაუმჯობესების მიმართულებებით.
ადამიანის უფლებები ყველასთვის - ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ ხორციელდება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მადლობას უხდის დონორ ორგანიზაციებს გაწეული მხარდაჭერისთვის და გამოთქვამს მზაობას აქტიური თანამშრომლობის გასაგრძელებლად.