სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქართველოს ინტერნეტმმართველობის მე-6 ვირტუალურ ფორუმში ჩაერთო
2020-12-03 10:27:30

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმის ისტორიაში, ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე პირველად ისაუბრა.
ფორუმი სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, აკაკი საღირაშვილმა, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ, საქართველოს კომუნიკაციის კომისიის, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC), ICANN-ისა და RIPE NCC-ის წარმომადგენლებმა გახსნეს.


საქართველოს ინტერნეტმმართველობის რიგით მე-6 ფორუმზე სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, ხელოვნური ინტელექტისა (AI) და პერსონალური მონაცემების დაცვის თემას დამოუკიდებელი სესია დაეთმო. ღონისძიების ფარგლებში, საინტერესო დისკუსია გაიმართა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესში პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და სხვა დემოკრატიული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობაზე. მათ შორის, ამ სფეროს რეგულირებისა და განვითარების მხარდაჭერაზე.



საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი GeoIGF ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც 2015 წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით დაარსდა. ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან მრავალმხრივ პლატფორმას, რომელიც საჯარო, კერძო, არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო საზოგადოებას აერთიანებს.