სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და საქართველოს საბანკო ასოციაცია საბანკო სფეროში პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე აქტიურად ითანამშრომლებენ
2020-11-26 16:06:03„ღია ბანკინგი“ საქართველოს საბანკო ასოციაციის მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციას შორის, მომხმარებლის ინიციატივით, ფინანსურ ინსტიტუტში არსებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცვლას გულისხმობს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პროექტის დანერგვის პროცესში საკონსულტაციო რეჟიმში ჩაერთვება. ელექტრონული პროდუქტების დანერგვის საწყის ეტაპზევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობა ამ პროცესში მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების არაკანონიერი დამუშავების რისკების შემცირებასა და შემდგომში შესაძლო დარღვევების პრევენციას ისახავს მიზნად.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა. ლონდა თოლორაიამ საბანკო ასოციაციას, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, 2021 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა და საბანკო ასოციაციამ სამომავლო თანამშრომლობის სფეროები განსაზღვრეს და უახლოეს მომავალში, საბანკო სექტორის ჩართულობით, 2021 წლის ერთობლივი სამოქმედო გეგმის განხილვაზე შეთანხმდნენ.