სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და მონაცემთა დაცვის თემაზე HELP-ის დისტანციურ კურსში ჩაერთნენ
2020-11-20 10:24:10
ღონისძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოადგილემ, სოფიო ჯიაძემ, ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვაჰაგ მურადიანმა და ევროპის საბჭოს HELP-ის სამმართველოს უფროსმა, ევა პასტრანამ გახსნეს.
გახსნის ღონისძიებაზე სოფიო ჯიაძემ აღნიშნა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების ფონზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა: „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიზანი პრევენციაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებაა, რისთვისაც აქტიურად ვთანამშრომლობთ საჯარო უწყებებთან და კერძო დაწესებულებებთან. ვაანალიზებთ გამოწვევებს, განვსაზღვრავთ პრიორიტეტებს და თითოეულ მიზნობრივი ჯგუფისთვის ვგეგმავთ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს.“

HELP-ის დისტანციურ სასწავლო კურსში შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, თავდაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტრო სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან 30-ზე მეტი წარმომადგენელი ჩაერთო. მონაწილეები შეირჩნენ იმ სტრუქტურული ერთეულებიდან, რომლებიც შესაბამის უწყებებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით პოლიტიკის განსაზღვრაზე, თანამშრომელთა საქმიანობის მონიტორინგზე, გადამზადებაზე და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კონტროლზე არიან პასუხისმგებლები.
სასწავლო პროცესს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი, მარიამ ელყანაშვილი უძღვება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვასა და შესაბამისი სასწავლო პროგრამების დანერგვას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

