სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სახლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია დაიწყო
2020-10-29 16:08:51
დღეიდან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატივით საქართველოს 14 ქალაქში მდებარე იუსტიციის სახლში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო ბროშურები დარიგდება.
ახალი ინიციატივა იუსტიციის სახლის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ, სოფიო ჯიაძემ და იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ავთანდილ კოხრეიძემ გააცნეს.
ბროშურები განკუთვნილია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც იუსტიციის სახლებს ბავშვის დაბადების რეგისტრაციის, პირადობის მოწმობისა თუ პასპორტის აღების მიზნით მიმართავენ.
ბავშვების პერსონალურ მონაცემები განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს, რადგან მათმა არასწორმა გამოყენებამ, გავრცელებამ, სხვისთვის გაზიარებამ, სოციალურ ქსელში განთავსებამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფსიქიკას, მის განვითარებას, სოციალურ ურთიერთობებს და მომავალ ცხოვრებას. ასევე, პირადობის მოწმობასა და პასპორტზე დატანილი მონაცემები მნიშვნელოვანი პირადი ინფორმაციაა, რომელიც დაცული უნდა იყოს სხვა პირთა არაკეთილსინდისიერი გამოყენებისაგან.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მომზადებული ბროშურები მოქალაქეებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის მათი მონაცემების არასათანადო დაცვის შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხეებისა და ამ რისკებისაგან თავის დაცვის გზებზე.
თემატური ბროშურები თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის,ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, რუსთავის, ბოლნისის, ონის, ბათუმის, თელავის, გორისა და ოზურგეთის იუსტიციის სახლებში დარიგდება.
ინიციატივა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.
რეკომენდაცია პირადობის მოწმობის შესახებ იხილეთ ბმულზე:
https://newadmin.personaldata.ge/.../piradobis-motsmoba-1...
რეკომენდაცია ბავშვის დაბადების მოწმობის შესახებ იხილეთ ბმულზე:
https://newadmin.personaldata.ge/.../dabadebis-motsmoba.pdf