სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საარჩევნო პროცესში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებს პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე ტრენინგი ჩაუტარა
2020-10-09 10:31:11
სასწავლო კურსი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მომართვის საფუძველზე განხორციელდა და მას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები - მაია დემეტრაშვილი და ლილი ტანიაშვილი უძღვებოდნენ.


ტრენინგის ფარგლებში, ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომლებიც საარჩევნო პროცესებს დააკვირდებიან, გაეცნენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მარეგულირებელ კანონმდებლობას, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს.
მიღებული ცოდნა ტრენინგის მონაწილეებს საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების მარეგულირებელი კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და პრევენციაში დაეხმარებათ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს. მათ შორის, სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე უკვე გადაამზადა ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები, ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელი ხაზის ოპერატორები; გამოყო ჯგუფი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, საარჩევნო სუბიექტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ამ პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე გაუწევს კონსულტაციას; შეიმუშავა საინფორმაციო დოკუმენტი, რომელიც დააკვალიანებს ამომრჩევლებსა და საარჩევნო პროცესებში ჩართულ სუბიექტებს/პირებს და მათ პერსონალური მონაცემების კანონმდებლობით დადგენილი წესით დამუშავებაში დაეხმარებათ.
