სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა ხელოვნური ინტელექტის თემაზე დისტანციური სწავლება გაიარეს

2020-09-24 10:39:45
ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებმა ხელოვნური ინტელექტისა და პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე სამდღიანი, დისტანციური კურსი გაიარეს. ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ თანამედროვე გამოწვევებს, ევროპულ კანონმდებლობას, გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რისკების შეფასება, პროფილირება, ავტომატიზებული ფორმით გადაწყვეტილების მიღება.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რომელიც ამარტივებს რთული ამოცანებისა და დავალებების შესრულებას, დღითიდღე ფართოვდება. თუმცა, ამ პროცესში მნიშვნელოვანია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლების პატივისცემა და დიდი მოცულობის მონაცემების უსაფრთხოდ დამუშავების უზრუნველყოფა. თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ხარისხის ამაღლებასა, ყოველდღიურ სამუშაო პრაქტიკაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და ამ მიმართულებით პერსონალურ მონაცემთა დაცვას უზრუნველყოფს.

სასწავლო კურსი სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ სოფიო ჯიაძემ და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ვაჰაგ მურადიანმა გახსნეს.

ტრენინგი ევროპის საბჭოს პროექტის ,,მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში’’ მხარდაჭერით განხორციელდა და მას მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი ადრიან ბასდევანტი უძღვებოდა.

ამ მიმართულებით თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.