სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპულ სტანდარტებზე ტრენინგი გაიარეს  

2020-09-20 11:22:35
ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპულ სტანდარტებზე ორდღიანი სწავლება გაიარეს.

მონაწილეებს სიტყვით სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ვაჰაგ მურადიანმა მიმართეს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპული სამართალის მაღალ დონეზე ფლობა და მათი ეროვნულ დონეზე ინპლემენტაცია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ხარისხის ამაღლებასა და ყოველდღიურ სამუშაო პრაქტიკაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას უზრუნველყოფს. 

სასწავლო კურსი, მოიცავდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და მიდგომებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან მიმართებით. ტრენინგზე განხილული იქნა ისეთ აქტუალური საკითხები, როგორიცაა: პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ფოტო-ვიდეო გადაღებისას, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, სამართალდამცავ ორგანოთა მიერ მონაცემების გამოთხოვისას, საჯარო ინფორმაციის გაცემისას და სხვა.

ტრენინგი ევროპის საბჭოს პროექტის ,,მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში’’ მხარდაჭერით განხორციელდა და მას ევროპის საბჭოს მიერ მოწვეული ექსპერტი ნანა მჭედლიძე უძღვებოდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.