სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) თანამშრომლობის ფარგლებში, მიგრაციის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის შესწავლის მიზნით მულტისექტორული კვლევა ტარდება
2020-09-11 09:45:49
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) თანამშრომლობის ფარგლებში, მიგრაციის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის შესწავლის მიზნით მულტისექტორული კვლევა ტარდება.
კვლევის საკოორდინაციო ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელმა ქეთევან გორგოშიძემ მიმართეს. ღონისძიებას კვლევის ჩატარების მიზნით მოწვეული ექსპერტი თამარ ქალდანი და მიგრაციის პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
კვლევის მიზანია მიგრაციის პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი და ამ სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების იდენტიფიცირება.
მიგრაციის მართვის პროცესში საქართველოს მოქალაქეების, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემები მუშავდება. აღნიშნული მონაცემების დამუშავებას ახორციელებს რამდენიმე სახელმწიფო ორგანო - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სსიპ სერვისების განვითარების სააგენტო, რომელთა შორის მუდმივად მიმდინარეობს მონაცემთა გაცვლა. მიგრაციის პროცესის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით, პერსონალური მონაცემთა გადაცემა და გამოთხოვა ხდება სხვა სახელმწიფოებიდანაც. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მოცულობა და მასშტაბები, აღნიშნულ სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.
კვლევის ფარგლებში განხორციელდება როგორც სართაშორისო რეგულაციებისა და ეროვნული კანონმდებლობის ანალიზი, ასევე ზემოთ ჩამოთვლილი უწყებების პრაქტიკული მუშაობის პროცესში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება. კვლევის შედეგების საფუძველზე მომზადდება რეკომენდაციები და დაიგეგმება მიგრაციის პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაუმჯობესების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ხასიათის კვლევა საქართველოში პირველად 2015 წელს ჩატარდა. 2020 წელს დაგეგმილი კვლევა ახალი საჭიროებების იდენტიფიცირების პარალელურად, ამ პროცესში ჩართულ ყველა უწყებას პროგრესის გაზომვის შესაძლებლობას მისცემს.