სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით GDPR-ის თემაზე ონლაინ ტრენინგი გაიარეს

2020-09-04 14:55:13
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებს ევროპის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) შესახებ 3 დღიანი დისტანციური ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგი სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ სოფიო ჯიაძემ, ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილემ ლუს ლამერტსმა და ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი გაბრიელაშვილმა გახსნეს. ტრენინგს მოწვეული ავსტრიელი ექსპერტი - დოქტორი ვალტრაუტ კოტჩი უძღვებოდა, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთი ამოცანაა, უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ჰარმონიზება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან. აღნიშნული ტრენინგით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის თანამედროვე, ევროპულ მიდგომებს და იმ მაღალ სტანდარტს გაეცნენ, რასაც ევროკავშირის რეგულაცია აწესებს.

ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მოიცადა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: GDPR-ით გათვალისწინებული ძირითადი სიახლეები, GDPR-ის იურისდიქცია, მონაცემთა დაცვის პრინციპები და საფუძვლები, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, მონაცემთა დამუშავების ზეგავლენის შეფასება და სხვა.
სასწავლო კურსი ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით, პროექტ „მონაცემთა სუბიექტისა და სხვა აქტორების გაძლიერება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების რეალიზაციისთვის“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრთან თანამშრომლობით განხორციელდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს საქმიანობის ხარისხის ამაღლებასა და ყოველდღიურ სამუშაო პრაქტიკაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.