სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა მონაცემთა დაცვის თემაზე ევროპის საბჭოს 7 თვიანი სწავლების კურსი გაიარეს

2020-07-20 10:53:16

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის თემაზე  HELP-ის დისტანციური პლატფორმის მეშვეობით 7 თვიანი სწავლება გაიარეს. წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვაჰაგ მურადიანმა გადასცეს.

კურსი საქართველოში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, პირველად დაინერგა და მისი მიზანი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ქართველ პრაქტიკოს იურისტთა კვალიფიკაციის ამაღლებაა.  

სასწავლო პროგრამა მონაცემთა დაცვის სფეროში ევროპულ სტანდარტებსა და სასამართლო პრაქტიკას აერთიანებს. ის, ასევე მოიცავს პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში არსებულ შიდასახელმწიფოებრივ საკანონმდებლო სტანდარტებსა და რეკომენდაციებს. კურსი 10 მოდულისგან შედგება, მათ შორის გათვალისწინებულია: მონაცემთა დაცვის ძირითადი წესები და პრინციპები ევროპული კანონმდებლობის მიხედვით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები, მონაცემთა დაცვა და მედია, ელექტრონული კომუნიკაციები, მონაცემთა დაცვის/პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებები და ახალი ტექნოლოგიები, სამუშაო ადგილზე მონაცემთა დაცვა, მონაცემთა საერთაშორისო მიმოცვლა და სხვა აქტუალური საკითხები.

სწავლება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და პროგრამა ევროპის საბჭოს პროექტის „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში" მხარდაჭერით განხორციელდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, დისტანციური სწავლების გაგრძელებას სხვა საჯარო უწყებებსა და კერძო ორგანიზაციებში გეგმას. სასწავლო პროცესის განხორციელება შესაბამის სფეროებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ხარისხის ამაღლებასა და ევროპული სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს.