სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს 2019 წლის ანგარიში წარუდგინა
2020-07-16 16:52:05სახელმწიფო ინსპექტორმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამსახურის გაძლიერებასა და წინსვლაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა:
"თქვენ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნაში უდიდესი წვლილი მიგიძღვით. სწორედ თქვენ იყავით პირველები, რომლებმაც დაიწყეთ საუბარი საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. ჩვენ, სრულად ვაცნობიერებთ დაკისრებულ პასუხისმგებლობას. ვიცით, რომ ყველა უდიდესი ყურადღებით აკვირდებოდა და აკვირდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი, ძლიერი, ეფექტიანი ორგანოს ჩამოყალიბებას, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. შეიძლება ითქვას, რომ დაკისრებული ფუნქციების მრავალფეროვნებით - ჩვენი სამსახური მსოფლიოში ერთადერთია. ჩვენ - ერთი მხრივ, ვახორციელებთ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლს და მეორე მხრივ, ვიძიებთ მოხელეთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ძალისხმევისთვის, რასაც წევთ სამსახურის ინსტიტუციური და ორგანიზაციული გაძლიერებისთვის",- აღნიშნა ლონდა თოლორაიამ სიტყვით გამოსვლისას.
სახელმწიფო ინსპექტორის საერთაშორისო ურთიერთობის, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თამარ ზუბაშვილმა, ღონისძიების სტუმრებს გასულ წელს სამსახურის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და დეტალურად გააცნო როგორც უკვე შესრულებული სამუშაოები, ასევე სამომავლო გეგმები.
თავის მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სრული მხარდაჭერა აღუთქვეს და სამსახურის ეფექტიანობისა და გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმების პროცესში თანამშრომლობის მხრივ სრული მზაობა გამოთქვეს.
სახელმწიფო ინსპექტორი მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და მის წინაშე არსებული გამოწვევების თაობაზე ანგარიშს პერიოდულად წარუდგენს.შეხვედრა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით განხორციელდა.