სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია პლენარულ სხდომაზე სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშით წარსდგა
2020-07-14 22:07:43
სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სამსახურის 2019 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ლონდა თოლორაიამ პარლამენტის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას სამსახურის მიერ გასულ წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„ორი ფუნდამენტური მიმართულების - პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების - ერთი უწყების ქვეშ გაერთიანება რთული ამოცანა აღმოჩნდა, თუმცა მთელი გუნდის ფაქტობრივად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობით 2019 წლის 1-ელ ნოემბერს ავამოქმედეთ საგამოძიებო მიმართულება, რამაც სამსახურის როლი და პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში კიდევ უფრო გაზარდა. პარალელურად არ შეგვიფერხებია ზედამხედველობა პერსონალური მონაცემების დაცვასა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების კანონიერებაზე”.
სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონპროექტის მიღების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რომელიც სამსახურმა საქართველოს პარლამენტს გასულ წელს წარუდგინა.
,,ახალი კანონის მიღება იქნება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ეს კანონი კანონმდებლობას დაახლოებს საერთაშორისო სტანდარტებთან, გააუმჯობესებს თითოეულ უწყებაში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას, უფრო ეფექტიანად დაიცავს ჩვენს პერსონალურ მონაცემებს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მისცემს მისი მანდატის უფრო ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობას”.
ლონდა თოლორაიამ, ასევე, ისაუბრა სამსახურის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
„აქტიურად ვმუშაობდით და საზოგადოებაში პირადი ცხოვრების პატივისცემის კულტურის დამკვიდრებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. განვსაზღვრეთ ახალი სტრატეგიული მიზნები და მიმართულებები, გავხსენით ორი ახალი ოფისი თბილისსა და ქუთაისში, განვახორციელეთ სამსახურის რებრენდინგი, შევქმენით ახალი ვებგვერდი, გავაძლიერეთ ანალიტიკური მიმართულება, დავნერგეთ დანაშაულის შესახებ შეტყობინებების მიღების 24 საათიანი ცხელი ხაზი, მონაწილეობა მივიღეთ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში; ვუმასპინძლეთ ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების საგაზაფხულო კონფერენციას; დავიწყეთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროექტი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩები“, რომლის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონიდან შერჩეული 20 სტუდენტი ჩაერთო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიაში“.
სახელწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გეგმავს საჯარო და კერძო უწყებებთან აქტიურ კოორდინაციას, უწყებების შიდა მონიტორინგის ორგანოებთან კომუნიკაციის გააქტიურებას; სხვადასხვა სექტორის მონაცემთა დამმუშავებლებთან თემატური სამუშაო შეხვედრების გამართვას; სამსახურის მიერ გაცემული დავალებებისა და რეკომენდაციების მონიტორინგის მექანიზმის გაძლიერებას; პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავებას.