სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლები სამართლებრივი წერის სტანდარტების თემაზე ტრენინგს გადიან
2020-07-09 12:42:25ტრენინგი ევროპის საბჭოს პროექტის „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში" მხარდაჭერით მიმდინარეობს. სასწავლო კურსი სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ სოფიო ჯიაძემ და ევროპის საბჭოს წარმომადგენელმა თამარ კობახიძემ გახსნეს.
ტრენინგს მოწვეული სპეციალისტი უძღვება. სასწავლო პროგრამის ფარგლებში განხილული საკითხები ხელს შეუწყობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის პროფესიული სტანდარტის ამაღლებას და გადაწყვეტილებების, სამართლებრივი დასკვნებისა და სხვა დოკუმენტების ხარისხის გაუმჯობესებას. თეორიულ სწავლებასთან ერთად, კურსი დატვირთულია პრაქტიკული სავარჯიშოებით, რაც მონაწილეებს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანის შესაძლებლობას მისცემს.
სასწავლო პროცესი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მასში საჯარო სექტორზე, კერძო სექტორზე, სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის, იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტებისა და სამსახურის სხვა თანამშრომლები არიან ჩართულნი. თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.