„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩებს“ დისტანციური ტრენინგი ჩაუტარდათ

2020-06-27 12:13:35
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტუდენტური პროექტის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩები“, ფარგლებში შერჩეულ ოცამდე სტუდენტს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე დისტანციური ტრენინგი ჩაუტარდათ.
ორდღიანი სწავლების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მანდატსა და უფლებამოსილებებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობას, მონაცემთა დამუშავების პრინციპებს, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების საფუძვლებს, მონაცემთა სუბიექტის უფლებებს, მონაცემთა უსაფრთხოებასა და სხვა აქტუალურ საკითხებს. ტრენინგს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები სოფიო ჭარელი და მარიამ ელყანაშვილი უძღვებოდნენ. 

ტრენინგის ბოლოს, სწავლების პროცესი სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე სოფიო ჯიაძემ შეაჯამა და მონაწილეებს პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრა, რომლის მიზანიც სტუდენტების განვითარების ხელშეწყობა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გააგრძელებს. არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სტუდენტური პროექტები და ცნობიერების ამაღლების კამპანიები დისტანციურ ფორმატზე აეწყობა.
საზოგადოებისთვის აქტუალურ თემაზე, სამსახური დაინტერესებულ პირებს, პერიოდულად ვიდეოლექციებს, სოციალურ ქსელში პირდაპირ ჩართვებსა და თემატურ ბლოგებს შესთავაზებს.