2 წელი GDPR-ის ამოქმედებიდან და მისი პოზიტიური გავლენა საქართველოზე

2020-05-25 14:26:20
დღეს, 25 მაისს ევროპის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) ამოქმედებიდან ზუსტად 2 წელი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ GDPR ევროკავშირის რეგულაციას წარმოადგენს, მან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოზე. GDPR-ის მოქმედება ვრცელდება როგორც ევროკავშირის ტერიტორიაზე დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე, ასევე იმ კომპანიებზე, რომლებიც არ არიან დაფუძნებული ამ ტერიტორიაზე, თუმცა პროდუქტს ან მომსახურებას სთავაზობენ ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფ სუბიექტებს ან ახორციელებენ ფიზიკურ პირთა ქცევის მონიტორინგს.

აღსანიშნავია, რომ GDPR-ის ძალაში შესვლის შემდგომ ქართული კომპანიების ინტერესი ევროპული რეგულაციის მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა. კომპანიების ინტერესის საგანს განსაკუთრებით წარმოადგენს ისეთი საკითხები, როგორიცაა: GDPR-ის მოქმედების გავრცელება ქართული კომპანიების საქმიანობაზე, ევროკავშირის ტერიტორიაზე წარმომადგენლის დანიშვნის ვალდებულება, ევროკავშირის ტერიტორიაზე დაფუძნებულ კომპანიებთან ინფორმაციის მიმოცვლა და სხვა.

აღნიშნულის პარალელურად, ბოლო 2 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არაერთ დაინტერესებულ კომპანიას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია GDPR-ის შესახებ და მისცა შესაბამისი რეკომენდაცია; გამართა შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და გამოაქვეყნა სასარგებლო ინფორმაცია ქართული კომპანიებისათვის.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ცდილობს, აქტიური როლი შეასრულოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაში, რაც ასევე წარმოადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი შესრულების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას. სწორედ ამ მიზნით, 2019 წელს სამსახურის მიერ მომზადდა და საქართველოს პარლამენტს წარედგინა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, ქართული კანონი მნიშვნელოვნად დაუახლოვდება GDPR-ით დადგენილ მონაცემთა დაცვის უმაღლეს სტანდარტს.

ახალი კანონმდებლობის მიღება მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ხარისხს, ქვეყანას კიდევ უფრო დააახლოებს ევროკავშირთან და მისცემს შესაძლებლობას, მონაცემთა დაცვის სფეროში იყოს რეგიონში მოწინავე ქვეყანა.