სახელმწიფო ინსპექტორმა თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭო შექმნა

2020-05-19 18:50:39

შრომით ურთიერთობებში სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დასაცავად, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა განმხილველი საბჭო შეიქმნა.

საბჭო სახელმწიფო ინსპექტორისაგან დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანოა, რომელიც დისციპლინური გადაცდომისა და წახალისების საკითხებზე რეკომენდაციებს წარუდგენს ინსპექტორს. ასევე, საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებებს თანამშრომლების შეფასებასთან დაკავშირებულ საჩივრებზე.
საბჭოს კოლეგიური ფორმატის მიზანია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თანამშრომელთა ჩართულობის უზრუნველყოფა.

საბჭოს სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილე უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედიან საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, ასევე გენერალური ინსპექციის, ადმინისტრაციული, იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტების ხელმძღვანელები.

ობიექტურობისა და დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, დისციპლინურ გადაცდომათა განხილვის დროს, გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსი სხდომას არ ესწრება. იგი დასკვნის წარდგენის შემდგომ, ტოვებს სხდომას. ამასთან, პირს, რომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხიც განიხილება, აქვს საბჭოს წინაშე საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა.

წახალისების საკითხისა და შეფასებასთან დაკავშირებული საჩივრის განხილვას არ დაესწრება საბჭოს ის წევრი, რომელიც არის წახალისების სუბიექტი ან შეფასების პროცესის უშუალო მონაწილე.

საბჭოს ექნება უფლებამოსილება, გაეცნოს და გამოითხოვოს ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, გაესაუბროს თანამშრომელსა და მის ხელმძღვანელს, დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.