ლონდა თოლორაიამ და თამარ ჟვანიამ პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენერთა ტრენინგი გახსნეს

2020-03-09 14:18:43
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ და ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ტრენერთა ტრენინგი გახსნეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგს გადიან.

სახელმწიფო ინსპექტორმა და ცესკოს თავმჯდომარემ ტრენინგის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და ტრენინგზე მიღებული ცოდნის საარჩევნო პროცესში გამოყენების აუცილებლობაზე ესაუბრნენ. მათი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს თითოეული ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა ორივე უწყებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მსგავსი სახის ტრენინგებს და საინფორმაციოს ხასიათის შეხვედრებს მთელი წლის განმავლობაში გააგრძელებს.

ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის თანამშრომლები, სალომე ბახსოლიანი და მარიამ ელყანაშვილი მონაწილეებს პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებენ, მათ შორის: პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება, მონაცემთა დამმუშავებლის ზოგად ვალდებულებები, საჯარო ინფორმაციის გაცემის და პერსონალური მონაცემების დაცვის ურთიერთმიმართება, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ინსპექტორის გადაწყვეტილებების მიმოხილვა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ზოგად მიდგომებს/ რეკომენდაციებს და ა.შ.

ტრენინგები მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებას და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებთან მიმართებაში, რათა მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი საარჩევნო პროცესების მიმდინარეობისას მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვა.

საარჩევნო ადმინისტრაციის 24 თანამშრომელი, რომლებიც ტრენინგს გაივლიან, მოგვიანებით მიღებულ ცოდნას საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს გაუზიარებენ.