სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წარმომადგენლებს პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხზე ტრენინგი ჩაუტარეს
2020-02-21 10:34:13სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებმა - მარიამ ელყანაშვილმა და მაია დემეტრაშვილმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლებისთვის პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე ერთდღიანი ტრენინგი ჩაატარეს.
ტრენინგში ცესკოს და სწავლების ცენტრის 20-მა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.
მომხსენებლებმა ტრენინგის დამსწრეებთან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების ზოგადი პრინციპები, მონაცემთა სუბიექტების უფლებები და მონაცემთა უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
ტრენინგზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებებზე და
სახელმწიფო ინსპექტორის დავალებების შესრულების მდგომარეობაზე.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებისთვის ტრენინგებისა და საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ჩატარებას 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში გააგრძელებს.
პერსონალური მონაცემების დარღვევის პრევენციის მიზნით უწყებები საინფორმაციო კამპანიის ფარგლებშიც ითანამშრომლებენ.