სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროპის საბჭოს საზოგადოებრივი ინფორმაციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა
2020-02-19 17:39:52შეხვედრაზე მხარეებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლზე, ეფექტიანი კონტროლის მექანიზმებსა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
ლონდა თოლორაიამ ევროპის საბჭოს საზოგადოებრივი ინფორმაციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სამსახურის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად გატარებულ ღონისძიებებსა და დაგეგმილ ინიციატივებზე. სახელმწიფო ინსპექტორმა აღნიშნა, რომ 2020 წლის განმავლობაში პრიორიტეტი იქნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული და არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვა. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოს პარლამენტში ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ წარდგენილ კანონპროექტსა და მისი იმპლემენტაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე.
ევროპის საბჭოს საზოგადოებრივი ინფორმაციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტმა სამსახურს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. მათ შორის, კანონის იმპლემენტაციის, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთათვის სასწავლო მოდულების შემუშავების, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული და არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში. დეპარტამენტის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამსახურის ახალ პროექტზე ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩები” და აღინიშნა, რომ ის წარმატებული მაგალითი იქნება სხვა ქვეყნების კოლეგა უწყებებისთვისაც.აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში პირველად დაინერგა ევროპის საბჭოს დისტანციური სწავლების პლატფორმის HELP-ის პროგრამა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეები ამ პროცესში აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. HELP-ის ონლაინ კურსი აღწერს მონაცემთა დაცვის სფეროში ევროპულ სტანდარტებსა და სასამართლო პრაქტიკას.