სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ მედიასემინარი „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა მედიასივრცეში“ გახსნა

2019-11-24 13:08:08
„პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა მედიასივრცეში“ - მედიასაშუალების წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სემინარი გაიმართა. სემინარი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და ევროპის საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიება სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ გახსნა. სახელმწიფო ინსპექტორმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობას და ჟურნალისტებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხების გაშუქების საჭიროებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე ესაუბრა. მან მედიის წარმომადგენლებს, სამსახურის მიერ აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონპროექტი გააცნო. 

ევროპის საბჭოს მიერ მოწვეული ექსპერტი, ლუგანოს უნივერსიტეტის პროფესორი ბერტი კოტიე ჟურნალისტებს გამოხატვის თავისუფლებასა და საჯარო ინტერესს შორის ბალანსზე ესაუბრა.
ასევე, ევროპის საბჭოს მიერ მოწვეულმა ექსპერტმა და გამომცემლობა ,,ინდიგოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან განიხილა საქართველოში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებული ასპექტების, თანხმობის მოპოვების, დანაშაულისა და არასრულწლოვანთა თემების გაშუქებასთან დაკავშირებული საკითხები.

სემინარის მონაწილეებს წიგნი - „მედიასივრცეში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის სახელმძღვანელო პრინციპები“ გადაეცათ. წიგნი მომზადდა ევროსაბჭოს მიერ.