სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელმა ინტერნეტ მმართველობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

2019-11-13 19:27:47
„საქართველოს რიგით მეხუთე ინტერნეტ მმართველობის ფორუმი“ (GeoIGF) ევროპის საბჭოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ინტერნეტ საზოგადოების და გაეროს ინტერნეტ მმართველობის ფორუმის სამდივნოს რეკომენდაციების გათვალისწინებით თბილისში გაიმართა.

წლევანდელ ფორუმზე სახელმწიფო ინსპექტორის სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - გიორგი მინდიაშვილმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის პროექტზე ისაუბრა. ფორუმის დამსწრეებს გიორგი მინდიაშვილმა კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებსა და სიახლეებზე მიაწოდა ინფორმაცია. მოხსენების დასრულების შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელმა კანონპროექტთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებულ ყველა აქტუალურ საკითხებზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

წლევანდელი ფორუმის თემა საქართველოს ინტერნეტ სივრცის მთავარი გამოწვევები იყო, კერძოდ: საქართველოს ფართოზოლოვანი დაფარვის გამოწვევები და 5G ტექნოლოგიის დანერგვის საკითხები, კონტენტი და ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ინტერნეტში, ონლაინ მედია რეგულაციები და ბავშვების დაცვა მავნე ზეგავლენისგან, ე.წ. ნივთების ინტერნეტი (IoT), პერსონალურ მონაცემთა დაცვა და სხვა.

GeoIGF-ი დაფუძნებულია მრავალმხრივი ჩართულობის პრინციპზე, რომელიც მოიცავს სახელმწიფო და კერძო სექტორების, სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური სფეროს, ასევე, ტექნოლოგიური საზოგადოების წევრების ჩართვას.