ევროპის საბჭოს მხარდაჭერით სახელმწიფო ინსპექტორი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
2019-10-18 14:45:58
18 ოქტომბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ინსპექტორის საქმიანობის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა გახსნეს სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ, სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე გიორგი გამეზარდაშვილმა და საქართველოში ევროპის საბჭოს პროექტის უფროსმა ოფიცერმა ეთერ ყამარაულმა.
შეხვედრაზე ლონდა თოლორაიამ სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის სამივე მიმართულებაზე - პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლზე და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ ცალკეულ დანაშაულთა გამოძიებაზე ისაუბრა.
სახელმწიფო ინსპექტორმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობას და ჟურნალისტებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე ესაუბრა. ლონდა თოლორაიამ მედიის წარმომადგენლებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონპროექტი გააცნო.
შეხვედრაზე ისაუბრეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი საგამოძიებო მექანიზმის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ამჟამად კონკურსის გზით საგამოძიებო დეპარტამენტის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების პროცესი მიმდინარეობს, რათა ამ ფუნქციის ამოქმედების დღეს - 2019 წლის 1-ელ ნოემბერს სამსახური მომზადებული შეხვდეს.
შეხვედრაზე ლონდა თოლორაიამ მედიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მზად არის მედიასთან თანამშრომლობისთვის, რათა საზოგადოება მუდმივად იყოს ინფორმირებული სამსახურის საქმიანობის შესახებ.
ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის „მოზრდილთა და არასრულწლოვან თავისუფლება აღკვეთილ პირთა მხარდაჭერა“ ორგანიზებითა და მხარდაჭერით.