სახელმწიფო ინსპექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
2019-10-11 09:22:43შეხვედრაზე ლონდა თოლორაიამ და გრიგოლ ლილუაშვილმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების მონიტორინგის მიმართულებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლზე და ამ მიმართულებით უწყებებს შორის კოორდინაციის მექანიზმებზე ისაუბრეს. ასევე, სახელმწიფო ინსპექტორმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს საგამოძიებო ფუნქციის ეფექტიანად განხორციელების მიზნით გადადგმული ნაბიჯებისა და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე გიორგი გამეზარდაშვილი, სამართალდამცავი ორგანოების ზედამხედველი დეპარტამენტის უფროსი გიორგი მინდიაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები: ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, შენგელი ფიცხელაური, გიგა ნიკოლეიშვილი და სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსი კობა კობიძე.
2019 წლის 1 ნოემბრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგამოძიებო ფუნქცია ამოქმედდება. სამსახური სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ ცალკეულ დანაშაულებს გამოიძიებს.