სახელმწიფო ინსპექტორი საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს შეხვდა

2019-10-03 11:16:33
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მნიშვნელობაზე და ამ პროცესში ეფექტიანი თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ასევე, სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონის აღსრულების მიმდინარეობისა და სამსახურის საგამოძიებო მიმართულების ამოქმედების მიზნით გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ სამსახური მზადაა 1 ნოემბრიდან სრული დატვირთვით შეუდგეს საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელებას.

სახელმწიფო ინსპექტორს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

2019 წლის 1 ნოემბრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგამოძიებო ფუნქცია ამოქმედდება. სამსახური სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ ცალკეულ დანაშაულებს გამოიძიებს.