სახელმწიფო ინსპექტორი ევროპის საბჭოს საკონსულტაციო კომიტეტის პლენარულ სხდომას ესწრება
2019-06-12 17:08:24ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის მოდერნიზების შემდგომ რატიფიკაცია და მიერთების შესახებ არსებული მდგომარეობა, კონვენციის დანერგვის შეფასების მექანიზმი - ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ქ. სტრასბურგში ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის (T-PD) 38-ე პლენარულ სხდომა იმართება. სხდომას ესწრებიან სახელმწიფო ინსპექტორი თამარ ქალდანი და ინსპექტორის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ნიკო თათულაშვილი.
პლენარული სხდომის ფარგლებში განიხილება მოდერნიზებულ 108-ე კონვენციის დანერგვასთან და შეფასების მექანიზმთან დაკავშირებული საკითხები, ცვლილებების ოქმის ხელმოწერასა და რატიფიკაციასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა. გარდა ამისა, კომიტეტის წევრები იმსჯელებენ მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადაცემის საკითხებზე, კომიტეტის 2020-2021 წლების სამუშაო გეგმასა და გეგმის ფარგლებში პრიორიტეტულ საკითხებზე, მათ შორის, სახის ამოცნობის, საგანმანათლებლო სისტემებში მონაცემთა დაცვის და პროფილირების შესახებ რეკომენდაციასთან დაკავშირებით.
სხდომის ფარგლებში კომიტეტის წევრები იმსჯელებენ საკონსულტაციო კომიტეტის ევროპის საბჭოს სხვა კომიტეტებთან, მიმოიხილავენ მონაცემთა დაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენებსა და თანამშრომლობის შესახებ პროექტებს.
აღსანიშნავია, რომ სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, თამარ ქალდანი 12 ივნისს მონაწილეობს 108-ე კონვენციასთან დაკავშირებულ კონფერენციაში, სახელწოდებით: „108-ე+ კონვენცია: უკეთესი დაცვა ციფრულ ეპოქაში“. იტალიელ, ტუნისელ, არგენტინელ და ფილიპინელ კოლეგებთან ერთად თამარ ქალდანი მონაწილეობს 108-ე კონვენციის პრაქტიკულ ასპექტებთან დაკავშირებულ სესიაში. თამარ ქალდანის გამოსვლა შეეხება 108-ე კონვენციის დანერგვისა და საკონსულტაციო კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთ წამყვანი პლატფორმაა. ინსპექტორის აპარატი საკონსულტაციო კომიტეტში საქართველოს მეოთხე წელია წარმოადგენს. 2018 წლის ივნისში, 36-ე პლენარული სხდომის ფარგლებში თამარ ქალდანი საკონსულტაციო კომიტეტის პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.