საგაზაფხულო კონფერენცია - საქართველო პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში უმაღლესი დონის საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს
2019-05-09 12:57:02საგაზაფხულო კონფერენცია საქართველოს პრემიერ მინისტრმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა გახსნეს. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით ბოლო წლებში საქართველოში გატარებულ რეფორმებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის მნიშვნელობას ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე.
საგაზაფხულო კონფერენციაში საქართველოს 100-მდე მაღალი რანგის დელეგატი სტუმრობს. მათ შორის არიან ევროკომისიისა და ევროსაბჭოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების და ევროპის მონაცემთა დაცვის უწყებების პირველი პირები. ქართული მხარის მოწვევით დამკვირვებლების სტატუსით დაესწრებიან სან-მარინოსა და უკრაინის საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლები.
კონფერენციის მასპინძლები და სტუმრები მსჯელობენ ისეთ გამოწვევებზე როგორიცაა ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) დანერგვა, ბავშვთა პირადი ცხოვრების დაცვა, საერთაშორისო ორგანიზაციების როლი მონაცემთა დაცვაში. კონფერენციის ფარგლებში ზემოაღნიშნულთან ერთად, განიხილება თურქეთის კონფერენციის წევრად აკრედიტაციის საკითხიც.