„პერსონალური მონაცემების დამუშავება კომერციულ ბანკებში“ - ინსპექტორის აპარატი საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

2019-04-23 14:57:04
საბანკო საიდუმლოება, საკრედიტო ინფორმაცია, მონაცემთა უსაფრთხოება, ახალი ევროპული რეგულაციები - 2019 წლის 23 აპრილს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, საბანკო სფეროს წარმომადგენლებს კომერციული ბანკების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ რეკომენდაცია წარუდგინა.

დოკუმენტი მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს მათი კლიენტების პერსონალური მონაცემების დამუშავებისას, უზრუნველყონ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვა.

„თანამედროვე ტექნოლოგიებით გაჯერებულ სამყაროში, პერსონალური მონაცემების დაცვის აუცილებლობა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. დღევანდელ რეალობაში არა მხოლოდ საბანკო - საფინანსო, არამედ განსხვავებული სერვისების ფართო სპექტრის მისაღებად, პერსონალური მონაცემების დამუშავება აუცილებელი პირობაა. საბანკო მომსახურების გაწევის პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავება, ფაქტობრივად მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ პირობებში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს მონაცემთა დამმუშავებლის მხრიდან პერსონალური მონაცემების პასუხისმგებლიანი დამუშავება.“ - ნათქვამია რეკომენდაციაში.

შეხვედრაზე, ასევე, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ეროვნულ ბანკსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს შორის.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების, ეროვნული ბანკის, ბანკების ასოციაციის,  არასამთავრობო სექტორისა და მედიის  წარმომადგენლები. შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.