თამარ ქალდანი ევროპის საბჭოს საკონსულტაციო კომიტეტის (T-PD) ბიუროს სხდომას ესწრება

2019-03-20 12:45:02
ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის მოდერნიზების შემდგომ რატიფიკაცია და მიერთების შესახებ არსებული მდგომარეობა, კონვენციის დანერგვის შეფასების მექანიზმი - პარიზში ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის (T-PD) ბიუროს 47-ე სხდომა იმართება. სხდომას ესწრება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი.

სხდომის ფარგლებში ბიუროს წევრები განიხილავენ სამართალდამცავი მიზნებისათვის მონაცემებზე ტრანსსასაზღვრო წვდომას, მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციასთან (ICANN)  დაკავშირებულ საკითხებს, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ მონაცემთა დაცვის შესახებ რეკომენდაციის განახლებას. გარდა ამისა, სხდომის მონაწილეები იმსჯელებენ კომიტეტის თანამშრომლობას ევროპის საბჭოს სხვა კომიტეტებთან, მიმოიხილავენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენებსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის პროექტების შესახებ ინფორმაციას.

ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთ წამყვანი პლატფორმაა. ინსპექტორის აპარატი საკონსულტაციო კომიტეტში საქართველოს მეოთხე წელია წარმოადგენს. 2018 წლის ივნისში, 36-ე პლენარული სხდომის ფარგლებში თამარ ქალდანი საკონსულტაციო კომიტეტის პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.