პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
2019-03-01 09:41:08მომართვიანობისა და ინსპექტირებების ზრდის ტენდენცია მეექვსე წელია უცვლელია. მოქალაქეების 382 მომართვისა და ჩატარებული 148 ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 266 ფაქტი. 72 ფაქტზე მოხდა ჯარიმის დაკისრება, 61 ფაქტზე – გაფრთხილება, 67 სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხერხდა, კანონმდებლობით გათვალისწინებული 2-თვიანი ხანდაზმულობის ვადის გამო. დამატებით გაიცა შესასრულებლად სავალდებულო 316 დავალება და რეკომენდაცია.
მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეთა მომართვიანობისა და ჩატარებული შემოწმებების რაოდენობის ზრდის ფონზე, გასული 6 წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა სამართალდარღვევებისა და ჯარიმების რაოდენობის კლება.
საჯარო სექტორში, მსხვილ და საშუალო ბიზნესში საგრძნობლად გაზრდილია პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ინფორმირებულობის დონე, ასევე ინტერესი ინსპექტორის აპარატთან წინასწარი კონსულტაციების მიმართ. მნიშვნელოვანია მოქალაქეების აქტიურობის ზრდაც: 2018 წელს გაწეული 6100-ზე მეტი კონსულტაციიდან ძირითადი ნაწილი სწორედ მოქალაქეებზე მოდიოდა.
პროგრესთან ერთად კვლავ იკვეთება გამოწვევები, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. მათ შორის, მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადამოწმება, მონაცემების კანონდარღვევით გამჟღავნება, არასრულწლოვათა მონაცემების მიმართ მეტი სიფრთხილის გამოჩენის საჭიროება და სხვა. განსაკუთრებით აქტუალური იყო ამომრჩევლის მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები, რასაც ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა. აპარატმა 2018 წელს საჯარო და კერძო ორგანიზაციების მიერ მონაცემთა დამუშავების სულ 470 პროცესი შეისწავლა.
ინსპექტორის აპარატი 2018 წლის განმავლობაშიც აგრძელებდა აქტიურ საგანმანათლებლო საქმიანობას. ტრენინგების შედეგად საჯარო და კერძო სექტორის 1200 წარმომადგენელს მიეცა პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე ცოდნის შეძენისა და გაღრმავების შესაძლებლობა. ჩატარდა ტრენინგების სერია თვითმმართველობის ორგანოებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
ინსპექტორის აპარატი აქტიურად მუშაობდა მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაზეც. ჩატარდა არაერთი ღონისძიება და კამპანია, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით შეიქმნა ახალი ვებგვერდი, რომელიც ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისთვის, ასევე საქმის წარმოების პროგრამა, რომელზე დარეგისტრირების შემდეგ აპარატთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ერთ ონლაინ სივრცეშია შესაძლებელი.
ინსპექტორის აპარატი კვლავ აქტიურად არის ჩართული საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის შესრულებაში. ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით მომზადდა საკანონმდებლო წინადადებები რომელთა განხორციელებაც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასა და ქვეყანაში მონაცემების დაცვის სტანდარტების ამაღლებას.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ანგარიშის სრული ტექსტის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.