პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ახალი საკომუნიკაციო რესურსები წარადგინა
2019-01-29 11:11:0828 იანვარს, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა წარადგინა განახლებული ვებგვერდი, საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამა და საინფორმაციო ვიდეო, რომლებიც პერსონალური მონაცემების უკეთ დაცვას ემსახურება. სამივე საინფორმაციო პროდუქტი ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შეიქმნა.
ღონისძიება გახსნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს განვითარების პროგრამის ( UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა, და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა.
საქმის წარმოების პროგრამა ონლაინ პლატფორმაა, რომელიც მოქალაქეებს, ორგანიზაციებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ოფისს შორის კომუნიკაციის მარტივ და ეფექტიან მექანიზმს წარმოადგენს. ამ პლატფორმის მეშვეობით, მოქალაქეებს და ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ კონსულტაციები, გააგზავნონ შეტყობინება და განაცხადი, ასევე ნებისმიერ დროს თვალი ადევნონ, თუ რა ეტაპზეა მათთვის აქტუალური საკითხის განხილვა.
კომუნიკაციის გაუმჯობესებისა და საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით შეიქმნა ინსპექტორის აპარატის განახლებული ვებგვერდიც. ეს არის თანამედროვე, ინტერაქტიური და მომხმარებლისთვის მეგობრული ციფრული სივრცე, რომელიც თავს უყრის ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობის, მოქალაქეთა უფლებების, ორგანიზაციების ვალდებულებების შესახებ და მარტივ ენაზე, მულტიმედიური მასალების, ბლოგების, ვებპროექტებისა და ანიმაციის დახმარებით აწვდის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ვებგვერდი სრულად ადაპტირებულია უსინათლო და მცირედ მხედველი მოქალაქეებისათვის.
პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატმა ვიდეორგოლიც წარადგინა, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტექნოლოგიურ სამყაროში პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას. ვიდეორგოლი საქართველოს ტელევიზიებით გავრცელდება.
მონაცემთა დაცვის საერთაშირისო დღე, 28 იანვარი, ევროპის საბჭომ 2006 წელს შემოიღო. საქართველო ამ დღეს უკვე მეექვსედ აღნიშნავს.
ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარს უჭერენ საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტიტუციური მექანიზმების განვითარებას მათი უფრო ფართო პროგრამის ფარგლებში „ადამიანის უფლებები ყველასათვის“.