განათლება და პერსონალურ მონაცემთა დაცვა - ინსპექტორის აპარატმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შეხვედრები გამართა

2017-10-16 11:51:56

2017 წლის 12-13 ოქტომბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები ბათუმისა და ქუთაისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის კანონმდებლობის გაცნობა, სტუდენტებისა და ლექტორების ინფორმირება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობისა და ინსპექტორის როლის შესახებ.

შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება უმაღლეს სასწავლებლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალურ საკითხებზე გამახვილდა. ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ინსპექტორის უახლესი რეკომენდაცია, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პერსონალურ მონაცემთა დაცვას ეხება. მონაწილეებს დაურიგდათ საგანმანათლებლო მასალებიც.

შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის" ხელშეწყობით, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების მხარდაჭერას.

საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამწლიანი პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონ ევროს აღემატება, ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.

იხილეთ ფოტო გალერია