პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომლებისათვის ტრენინგი ჩატარდა
2017-10-30 11:49:45„მისაწვდომობის ასპექტები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, სტერეოტიპები, ცრუ წარმოდგენები და მავნე ჩვევები, დაბრკოლებები და შესაძლებლობები“ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომლებისათვის ტრენინგი გაიმართა.
აპარატის ოფისში 25-26 ოქტომბერს ჩატარებული ტრენინგის მიზანს აპარატის თანამშრომლებისათვის კორექტული ლექსიკისა და ეტიკეტის საკითხების, საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის თავისებურებების გაცნობა წარმოადგენდა.
ტრენინგის ფარგლებში გაიმართა ფილმის ჩვენება და დისკუსია. გარდა ინტერაქტიური ლექციებისა და დისკუსიებისა, ტრენინგი პრაქტიკულ დავალებებსა და როლურ თამაშებსაც მოიცავდა.
ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის" ხელშეწყობით, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების მხარდაჭერას.
საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამწლიანი პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონ ევროს აღემატება, ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.