„ეფექტიანი ფუნქციონირება“ - ევროკომისია ასოცირების შეთანხმების ანგარიშში ინსპექტორის აპარატის საქმიანობას აფასებს

2017-11-15 11:47:24

ევროკომისიამ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში გამოქვეყნა, რომელშიც საქართველოს მიერ შეთანხმების ფარგლებში მიღწეული პროგრესია შეფასებული.

ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და ევროპული მისწრაფება. რეფორმების განხორციელების მდგრადი მცდელობებით და ევროკავშირთან ურთიერთობის შემდგომი განვითარების ამბიციით, საქართველომ განამტკიცა თავისი პოზიცია როგორც ერთ-ერთმა უმთავრესმა და სტრატეგიულმა პარტნიორმა რეგიონში. - ნათქვამია დოკუმენტში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით ევროკომისია აღნიშნავს, რომ „მონაცემთა დაცვის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანო აგრძელებს ეფექტიან ფუნქციონირებას“. ამასთან, ხაზგასმულია, რომ 2017 წლის აპრილში ძალაში შევიდა განახლებული კანონი ფარული თვალთვალის ღონისძიებების შესახებ, რომლის მიზანია ფარულ თვალთვალთან დაკავშირებული რეგულაციების საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა.

ევროკომისიისა და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის მეორე ერთობლივი ანგარიში მოიცავს ინფორმაციას 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე. ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში ყოველწლიურად ქვეყნდება, ასახავს ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის განხორციელების მხრივ არსებულ მდგომარეობას და აფასებს ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესს.