თამარ ქალდანი 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის სხდომას ესწრება
2017-11-22 11:46:19მედიასაშუალებებისთვის შემუშავებული გზამკვლევი, პრაქტიკული სახელმძღვანელო საპოლიციო სექტორში მონაცემთა დამუშავების თემაზე და 108-ე კონვენციის მოდერნიზებული ვერსიის ტექსტი - სტრასბურგში “პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ფიზიკურ პირთა დაცვის შესახებ” კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის სხდომა იმართება. საქართველოს სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თამარ ქალდანი წარმოადგენს.
შეხვედრაზე განიხილება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავების თაობაზე კომიტეტის მიერ მომზადებული რეკომენდაციების სამუშაო დოკუმენტი, კომიტეტი იმსჯელებს და დაამტკიცებს საპოლიციო სექტორში მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ სახელმძღვანელოს, ასევე განიხილავს 108-ე კონვენციის მოდერნიზებული ვერსიის კონსოლიდირებულ ტექსტს და მედიასაშუალებებისთვის შემუშავებულ უახლეს გაიდლაინებს.
კომიტეტი მოისმენს ევროპის საბჭოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომისრის 2015-2017 წლების ანგარიშს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტის პრეზენტაციას, რომელიც სასამართლოს მიერ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის თემაზე უკანაკნელ პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებს შეეხება.