პერსონალურ მონაცემთა დაცვა და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის პერსპექტივები - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

2017-11-27 11:45:13

2017 წლის 20-21-22 ნოემბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებმა ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრები გამართეს. შეხვედრების მიზანს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ინფორმირება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მანდატის შესახებ, მათთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობისა და არსებული პრაქტიკის გაცნობა და ასევე, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა.

შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალურ საკითხებზე. გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს პრაქტიკაში არსებულ შემთხვევებზე და მიიღეს კონკრეტული პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.

შეხვედრები გაიმართა ევროკავშირისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის (OHCHR) ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის" ხელშეწყობით, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების მხარდაჭერას.

საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამწლიანი პროგრამა ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.