ცნობიერების ამაღლება და საგანმანათლებლო ღონისძიებები - საქართველოსა და პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ

2017-12-26 11:37:57

პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის გენერალური ინსპექტორის მოწვევით, 2017 წლის 6-7 დეკემბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით ვარშავაში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა საზედამხედველო ორგანოში, რომელსაც წარმატებული საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კოლეგებმა ერთმანეთს გამოცდილება და პრაქტიკა გაუზიარეს და განიხილეს სამომავლო გეგმები.

შეხვედრები გაიმართა პოლონეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთანაც, სადაც მონაწილეებმა იმსჯელეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხების საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირების მეთოდებზე და საშუალებებზე. საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებს ადგილზე გააცნეს საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის გაცემის პროცესს პოლონეთის დოკუმენტის პერსონალიზაციას ცენტრში.

სასწავლო ვიზიტი გაიმართა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობენ ადამიანის უფლებების დაცვას საქართველოში. ევროკავშირის (EU) სამწლიანი ინიციატივა „ადამიანის უფლებები ყველასათვის“, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონ ევროს აღემატება, მხარს უჭერს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.