პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა პარლამენტს დადგენილების შესრულების შესახებ მოხსენება წარუდგინა

2018-02-15 11:32:50

 

გამოვლენილი სამართალდარღვევების გაზრდილი მაჩვენებლები, გაზრდილი მიმართვიანობა და ეფექტური კონტროლი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს პარლამენტის დადგენილების შესრულების შესახებ მოხსენება წარუდგინა. დოკუმენტი, რომელშიც 6 რეკომენდაცია იყო მოცემული, საკანონმდებლო ორგანომ გასული წლის აპრილში გამოსცა.

ინსპექტორმა ისაუბრა საჯარო და კერძო ორგანიზაციებზე, სამართალდამცავ სექტორიზე ზედამხედველობის, ვიდეოთვალთვალის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით გაწეულ სამუშაოზე. თამარ ქალდანმა აღნიშნა, რომ 2017 წელს 2016-თან შედარებით გაზრდილია, როგორც ჩატარებული ინსპექტირებებისა და გამოვლენილი სამართალდარღვევების, ასევე მოქალაქეთა მომართვიანობისა და გაწეული კონსულტაციების რაოდენობა. ინსპექტორის აპარატმა მონაცემთა დამუშავების კანონიერება 385 საჯარო და კერძო ორგანიზაციაში შეისწავლა. გამოვლინდა სამართალდარღვევის 266 ფაქტი. კონსულტაციების რაოდენობამ 4800-ს გადააჭარბა.

ერთ-ერთი წამყვანი ადგილი მოქალაქეთა განცხადებებში გასულ წელსაც პრობლემური სესხების ამოღებისას მონაცემთა გამჟღავნების საკითხს ეჭირა. გამოვლინდა სესხის ამომღები კომპანიების წარმომადგენლების მიერ მოქალაქეთა ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაციის ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და სხვა მესამე პირებისთვის გამჟღავნების არაერთი ფაქტი.

საანგარიშო პერიოდში ინსპექტორის აპარატმა 2000-ზე მეტივიდეოსათვალთვალო სისტემა შეისწავლა. მათ შორის საფინანსო ორგანიზაციებში, სავაჭრო ობიექტებში, სამედიცინო დაწესებულებებში, სასტუმროებში, მუნიციპალიტეტებსა და სხვა საჯარო უწყებებში. გამოვლინდა დარღვევის არაერთი ფაქტი. ხშირად ორგანიზაციები ვიდეოსათვალთვალო საშუალებებს იყენებდნენ არა მხოლოდ კანონით დასაშვები მიზნებით, არამედ დასაქმებულთა კონტროლისათვის. ადგილი ჰქონდა გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილი ადგილების ვიდეოთვალთვალსაც კი, რაც კანონით პირდაპირ არის აკრძალული.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის, საანგარიშო პერიოდში ინსპექტორის აპარატმა გამართა 50-ზე მეტი ღონისძიება ტრენინგების, საჯარო ლექციებისა და სემინარების სახით, რომელთაც როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან 1000-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა. შეიქმნა პერსონალური მონაცემების ანბანი, ვებპლატფორმა, რომელიც თავს უყრის 33 პერსონალურ მონაცემს, და მარტივად აღწერს მათი დაცვის ხერხებსა და შესაძლო საფრთხეებს. ანბანის გასაცნობად ჩატარებული ონლაინ კამპანიის წვდომამ 500 000-ს გადააჭარბა.

უფრო დეტალურად 2017 წელს გამოვლენილი სამართალდარღვევები და მათზე რეაგირების შედეგებზე, ტენდენციებსა და დინამიკაზე ინსპექტორის წლიურ ანგარიშში იქნება საუბარი, რომელიც 2018 წლის 1 მარტს გამოქვეყნდება.