ზედამხედველობა უსაფრთხოების სამსახურებზე - ქართული დელეგაცია ბელგიურ გამოცდილებას გაეცნობა

2018-06-06 11:15:15

ბელგიის სამეფოს უსაფრთხოების სამსახურებზე ზედამხედველობის დამოუკიდებელი მექანიზმების გაცნობისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით ქართული დელეგაცია ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. შეხვედრებს ესწრებიანპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი და ინსპექტორის მოადგილე ნიკოლოზ ბრეგვაძე. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები იმართება ბელგიის სამეფოს პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერთან, დაზვერვის სამსახურების შემოწმების მუდმივმოქმედი კომიტეტის წარმომადგენლებთან, უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლებთან და იმ საპარლამენტო კომიტეტის წევრებთან, რომლებიც მუდმივმოქმედი კომიტეტის საქმიანობას ზედამხედველობენ.

ვიზიტი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის (OHCHR) ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის" ხელშეწყობით, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების მხარდაჭერას.