თამარ ქალდანი ევროპის საბჭოს საკონსულტაციო კომიტეტის პლენარულ სხდომას ესწრება

2018-11-21 11:02:41

ევროპის საბჭოს მოდერნიზებული 108-ე კონვენცია, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დაცვა, ხელოვნური ინტელექტი - სტრსბურგში ევროპის საბჭოს საკონსულტაციო კომიტეტის 37-ე პლენარული სხდომა მიმდინარეობს. პლენარულ სხდომაში მონაწილეობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი.

პლენარულ სხდომაზე განიხილავენ პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს მოდერნიზებული 108-ე კონვენციის ხელმოწერის, რატიფიკაციისა და კონვენციასთან მიერთების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას, ასევე კონვენციის დანერგვის შეფასების მექანიზმებს. გარდა ამისა, სხდომის დღის წესრიგი მოიცავს დისკუსიებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დაცვის, ხელოვნური ინტელექტის, სამართალდამცავი მიზნებისათვის მონაცემთა ტრანსსასაზღვრო წვდომის შესახებ. სხდომის მონაწილეები ასევე განიხილავენ კომიტეტის თანამშრომლობას ევროპის საბჭოს სხვა კომიტეტებთან, მიმოიხილავენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არსებულ მდგომარეობასა და თანამშრომლობის შესახებ პროექტებს.

ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთ წამყვანი პლატფორმაა. ინსპექტორის აპარატი საკონსულტაციო კომიტეტში საქართველოს მეოთხე წელია წარმოადგენს. 2018 წლის ივნისში, 36-ე პლენარული სხდომის ფარგლებში თამარ ქალდანი საკონსულტაციო კომიტეტის პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.