პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საერთაშორისო კონფერენციას ესწრება

2017-09-27 17:47:53

ახალი ტექნოლოგიები და პერსონალურ მონაცემთა დაცვა, ციფრული ეპოქის გამოწვევები და მონაცემთა დაცვის თავისებურებები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში – ჰონგ-კონგში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ 39-ე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაზე საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი და ინსპექტორის მოადგილე ნიკოლოზ ბრეგვაძე წარმოადგენენ.

კონფერენციას, სახელწოდებით „დასავლეთისა და აღმოსავლეთის კავშირი მონაცემთა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დასაცავად“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის უწყებები 110 ქვეყნიდან ესწრებიან. დელეგატები მსჯელობენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის გამოწვევებზე ახალი ტექნოლოგიების პირობებში, მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ პრინციპებსა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოდელებზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. გარდა ამისა, კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია თემატური სამუშაო ჯგუფების შეხვედრები, რეზოლუციებისა და დეკლარაციის მიღება.

ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე (ICDPPC) 1979 წლიდან იმართება. გასულ წელს მას მაროკო მასპინძლობდა.