კიბერუსაფრთხოების შესახებ სემინარების ციკლი გაიხსნა

2017-09-25 17:45:23

საქართველოში კიბერუსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, ქვეყნის მიერ ამ მხრივ გადადგმული ნაბიჯები და პერსონალური მონაცემების დაცვა ინტერნეტსივრცეში - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი კიბერუსაფრთხოების თემაზე გამართული სემინარების ციკლში ჩაერთო.

აპარატის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერმა ალექსანდრე მეზურნიშვილმა აპარატის მანდატზე, არსებულ რეგულაციებზე, პერსონალური მონაცემების მნიშვნელობაზე, მათ ღირებულებებზე, უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობასა და შესაბამის რეკომენდაციებზე ისაუბრა. განიხილა პერსონალური მონაცემების წვდომისა და გასაჯაროვების ფაქტები და შესაძლო რისკები.

ღონისძიებას „ინტერნეტის განვითარების ინიციატივის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ სვანაძე; კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, ანდრო გოცირიძე და შსს პოლიციის აკადემიის უფროსი ინსპექტორი, გიორგი პირველი უძღვებოდნენ.

სემინარები “კავკასიურ სახლში”, „საქართველოს უნივერსიტეტსა“ და „ტექნოპარკში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტერნეტის განვითარების ინიციატივის“ მიერ ჩატარდა.