პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა თავისი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განიხილა

2017-08-18 17:37:48

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა 2017-2021 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების 6 თვის ანგარიში შეაჯამა. აპარატის წარმომადგენლებმა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სტრატეგიულ დოკუმენტებში გაწერილი მიზნებისა და ამოცანების შესრულებასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრა შედგა გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ხელშეწყობით.

ინსპექტორის აპარატი მიმდინარე და მომავალი წლის განმავლობაში სტრატეგიული მიზნების განსახორციელებლად მუშაობის გააქტიურებას გეგმავს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება კანონშემოქმედებით საქმიანობაზე, სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებაზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ინსტიტუციურ გაძლიერებაზე.

2017-2021 წლების სტრატეგია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ბიზნეს სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სფეროს ექსპერტებთან განხილვისა და თანამშრომლობის გზით, საკონსულტაციო კომპანიის „ჯეპრა“ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა.

სტრატეგია შემუშავდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის" ხელშეწყობით, მათი ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების მხარდაჭერას.

საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამწლიანი პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონ ევროს აღემატება, ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.