კვლევის მიხედვით, მოქალაქეთა 81%-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვა მნიშვნელოვნად მიაჩნია
2017-07-26 17:36:05ყოველი 10 გამოკითხულიდან 8 პერსონალურ მონაცემთა დაცვას მნიშვნელოვნად მიიჩნევს - ასეთი შედეგი აჩვენა ფართომასშტაბიანმა კვლევამ, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლის მიზნით ჩატარდა.
კვლევის შედეგები 5 ათასი პირისპირ გამოკითხვის, 14 ფოკუს ჯგუფისა და 28 ჩაღრმავებული ინტერვიუს შედეგებს ეყრდნობა და ადამიანის უფლებათა დაცვის რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვას მოიცავს. დოკუმენტში გაანალიზებულია მოქალაქეების დამოკიდებულება, როგორც პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობის, ასევე - ინსპექტორის აპარატის მიმართ.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 2/3 მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს მათ პერსონალურ მონაცემებს და არ დაარღვიოს მათი შეგროვების, შენახვისა და გასაჯაროების პირობები, თუნდაც უსაფრთხოების დაცვის მოტივით. პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებას, შენახვას ან გასაჯაროებას უფლებების დარღვევად რესპონდენტთა 85% მიიჩნევს, 81% კი თვლის, რომ ამ მონაცემების უკანონო განკარგვამ ნებისმიერ მოქალაქეს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე შეიძლება პრობლემები შეუქმნას.
გამოკითხულთა 52% ამბობს, რომ აკვირდება, არის თუ არა ხელშეკრულებაში პუნქტი პერსონალური მონაცემებით სარგებლობის შესახებ. 56% კი აცხადებს, რომ ინტერესდება, თუ რა მიზნით ხდება აღნიშნული ინფორმაციის შეგროვება. დაახლოებით, ყოველი მესამე გამოკითხული მიუთითებს კონფიდენციალობის პარამეტრების გამოყენებასა და მათ მნიშვნელობაზე პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საქმიანობას დადებითად აფასებს მოქალაქეთა 54%. იმ გამოკითხულთაგან კი, რომელთაც ინსპექტორის აპარატისთვის მიმართვის გამოცდილება ჰქონია, 60%-ზე მეტი მიღებული მომსახურებით კმაყოფილი ან ძალიან კმაყოფილია.
„მიუხედავად იმისა, რომ პერსონალური მონაცემების დაცვა ადამიანის უფლებების შემადგენელ ნაწილად სულ ცოტა ხნის წინ იქცა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ინფორმირებულობის დონე საკმაოდ მაღალია. მაღალია ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ოფისის ცნობადობა“ - ნათქვამია დოკუმენტში.
კვლევა ქართულმა კვლევითმა კომპანიამ „ეი-სი-თი“ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით ჩაატარა.