პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და მედია - ჟურნალისტებისთვის ტრენინგი გაიმართა

2017-07-10 17:34:05

ბალანსი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის, საერთაშორისო სტანდარტი და ევროსასამართლოს პრაქტიკა - ორი დღის განმავლობაში ტელე, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედიის წარმომადგენლები ქართველ და ევროპელ ექსპერტებთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად ამ საკითხებზე მსჯელობდნენ.

ტრენინგზე, რომელიც ევროსაბჭოსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ორგანიზებით გაიმართა, ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობა, მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, კრიმინალის გაშუქება, ფარული კამერის გამოყენება, შენიღბვა, დრონები, საჯარო ინტერესის ტესტი და სხვა. იმსჯელეს როგორც ქართულ, ისე ევროპულ პრაქტიკასა და გამოწვევებზე. ტრენინგში ჟურნალისტებთან ერთად მონაწილეობდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის უწყებების წარმომადგენლები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.

ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს მედიის სახელმძღვანელო პრინციპების სამუშაო დოკუმენტიც, რომელზეც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ევროსაბჭოს ექსპერტებთან ერთად მუშაობს. სახელმძღვანელოს მთავარი მიზანი მოქალაქეთა პირადი ცხოვრების გაშუქებისას ბალანსის დაცვის წახალისებაა.

ბალანსი გულისხმობს იმას, რომ ჟურნალისტური საქმიანობისას დაცული იყოს ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლება და, მეორე მხრივ, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ამ ბალანსის საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ინტერნეტისა და სოციალური ქსელების ეპოქაში.

საქართველოს კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ არ არეგულირებს მედიის საქმიანობას და სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტსაც ცალსახად სარეკომენდაციო ხასიათი ექნება. სახელმძღვანელოზე მუშაობის დასრულებას 2017 წლის ბოლომდე იგეგმება.

იხილეთ ფოტო გალერია