პერსონალური მონაცემების დაცვა - ტრენინგი ჟურნალისტებისთვის

2017-06-12 16:47:26

 

პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და პრაქტიკა, თანამედროვე გამოწვევები, ბალანსი პერსონალური მონაცემების დაცვასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ჟურნალისტებისთვის სემინარი გამართა.

შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან 10-11 ივნისს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტ „ ENIGMMA”-ს მხარდაჭერით ბორჯომში ჩატარდა.

სემინარზე ტელე, ონლაინ და ბეჭდური მედიის 20-ზე მეტ წარმომადგენელთან ერთად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა და აპარატის თანამშრომლებმა აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს. მათ შორის იყო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, პერსონალური მონაცემების დაცვა და მედია, მონაცემების დაცვა და მიგრაციის საკითხები.

მედიის წარმომადგენლების განსაკუთრებული ინტერესი საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში ინსპექტორის მანდატმა, სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის საკითხმა, ასევე ინსპექტორის პრაქტიკაში არსებულმა კონკრეტულმა საქმეებმა და სტატისტიკამ გამოიწვია. აქტიური დისკუსია გაიმართა თემაზე, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვასა და საზოგადოების ინფორმირებას შორის ბალანსს ეხებოდა.

სემინარის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ჟურნალისტებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიასა და ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესებზეც ესაუბრნენ.